***(მისტერიაა შენს თვალებში აალებული)

machado

Arde en tus ojos un misterio,

virgen esquiva y compañera.

No sé si es odio o es amor la lumbre

inagotable de tu aljaba negra.

Conmigo irás mientras proyecte sombra

mi cuerpo y quede a mi sandalia arena.

—¿Eres la sed o el agua en mi camino?

Dime, virgen esquiva y compañera.

/antonio machado/

მისტერიაა შენს თვალებში აალებული,
ჩემო თანმხლებო უკარება, მორცხვო ქალწულო,
არ ვიცი რაა-სიძულვილი თუ სიყვარული
ეგ შენი ცეცხლი იდუმალი და უსასრულო.
ერთად ვართ, სანამ ეს სხეული ჩრდილს დაატარებს,
სანამ ჩემს სანდლებს დასცვივდებათ ქვიშა აკრული,
რა ხარ ჩემს გზაზე-წყურვილი თუ ანკარა წყალი?
მითხარი,ჩემო უკარება, მორცხვო ქალწულო.

/თარგმანი ნინო ჭინჭარაულის/

სიგიჟე _ კორიდა!

Corrida_4612

სიგიჟე _ კორიდა…
სისხლივით წითელი
ჟინია, თვალებში, უშიშრად სიკვდილის,
დღეს ისე მომინდა,
პირღია ზვირთებში,
ჩემით დავუოკო მლაშე ზღვას შიმშილი.

სიგიჟე _ კორიდა…
მეც, როგორც მატადორს,
სრულებით აღარ მაქვს უმიზნო წადილი,
ლოდინის ომით და
ქაოსით გათანგულ
საკუთარ ნერვებზეც უგულოდ გავივლი.

სიგიჟე _ კორიდა…
ჯიუტი ქიშპია,
დაშრეტილ ძარღვებში, შეშლის და არშეშლის,
დღის ბოლოს, ორივე,
გავდივართ ბრძოლიდან,
სხეულებს მტკივნეულს აღარ ვგრძნობთ არცერთი.

და მერე, ღამეში,
ჩემივე, შიშველი,
სულის სილუეტის წინაშე დარჩენილს,
ყიჟინით მეძახის
კორიდა, ისევ იქ,
სადაც ჩვენ ერთმანეთს ჭიდილით ვავსებდით…

/თეა თაბაგარი/

“sevillana”

bailando-flamenco

ტანი რიტმებს აყოლილი ითვლის წამებს,
კაბას მხრებზე მოგდებული შვენის შალი,
ამ ფერებით მე წლების წინ მოვიწამლე,
და ნელ-ნელა, მოლოდინით შევიშალე.
დღეს რაღა ვარ,
თვალს მარიდებს ჩემი მუზაც,
თითქოს ბედის განგებით და დავალებით
ცეცხლის ნაცვლად თვალში წყალი ჩავიგუბე,
შევიჭერი ღამისფერი დალალებიც.
თავდახრილი,
წაშლილი
და ნაცრისფერი
გვერდს ავუქცევ ცეცხლისმფრქვეველ ნარანხეროს,
ვერ გავყვები მწველ ჰანგებს და გაშლილ ხელებს,
აღარაფერს შეუძლია ამაღელვოს,
თუ ბრბოში არ გადავაწყდი ნაცნობ თვალებს,
მიღმა ხანძარს რომ მალავენ გაჭირვებით,
ჩამქრალიც და ძველებურად ეშხიანიც
ერთნაირად რომ ვაღელვებ და ვჭირდები…

/ნინო ჭინჭარაული/

მეზობელ პასტორს

download
“მოწევა სიკვდილს იწვევსო”, პადრე!
ასე გამოდის, თავს იკლავთ თურმე,
თვითმკვლელობა ხომ ცოდვაა დიდი.
თქვენ როკ-ენ-როლი გიყვარდათ ადრე,
ბანქოს თამაშით ართობდით სტუმრებს
და ზღვის ჰავასაც სათქვენოდ თვლიდით.
ახლა კი მთიან ქალაქში ცხოვრობთ
და ხმადაბალზე უსმენთ მონტსერატ
კაბალიეს და – ოპერა მხოლოდ –
სხვისი არაფრის არ გსურთ მოსმენა.
ვეება მთვარის კაშკაშა შუქი,
ჩრდილს რომ გადახრის გვერდზე, მონასტრის,
ვერვინ გიბედავთ ლაპარაკს, თუკი
პარტიას უსმენთ დეზდემონასი.
გიყვართ ჭადრაკი, დროს კლავთ თამაშით.
ალბათ თქვენც გიკვირთ თქვენივე ხვედრის,
ვინ დაამსგავსა ასე ლამანჩელს
შუბმომართული ფიგურა მხედრის.
ბოდიში! ვიცი, ზედმეტი გკადრეთ
(თქვენ კი ეწევით, მკაცრი და მშვიდი),
“ფუმარ პუედე მატარ”-ო, პადრე!
თვითმკვლელობა კი, ცოდვაა დიდი.
/სოსო მეშველიანი/

Sagrada Familia (ბარსელონა)

 Sagrada_Familia_02

1 .
მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები,
ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩები
და აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები.

რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს,
ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს…
ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე,
წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ.

ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს,
იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმ
ფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღეს
მის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი.

მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე,
თუკი ”ოჯახური სიწმინდის ტაძარიც”
ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდე
ჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით.

დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს,
ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით,
ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს,
სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი.

და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე,
ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები,
და იმ დღეს მიხვდები შენც… როგორ მიყვარდი.
2.

მე ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
დაუმშვიდობებლად მივდივარ ჩვეულად,
უკან დაბრუნებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ.

ასფალტზე ჩრდილები წაშლიათ ნაბიჯებს,
წასვლა რა ძნელია, შენც ხვდები მშვენივრად,
ქარი ლამისაა სიცილით ჩაბჟირდეს,
ჰგონია, ვთამაშობ და მაინც შენი ვარ.

წარსულის ეპიზოდს ჩამოჰგავს საგრადა
გამოქანდაკებულს მზერით მომავლიდან,
ამ მოშიებული თვალებით დაგხატავ
ფართო გასაყართან ქუჩების, თავიდან.

გავიდა შიშველი ვნებები, გათავდა,
მათი გახსენებაც მზარავს და არ მინდა,
ოცნების ქალაქი უფიფქოდ გათოვდა,
მელანქოლიურად ვიქეცი, ამინდად.

ღელავს შენობებზე თაღების ბოჰემა,
სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა,
შენგან განსხვავებით ჩემში ვერ მოხერხდა
უკვდავი გრძნობების დევნა და უკუთქმა.

და ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
ფიქრები ვაქციე კალმად და რვეულად,
მერე, – მთვარეულმა, გაგცვალე ლექსებზე.
3.
ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა,
ბაგეთა სიშიშვლეს ვერაფრით ვიოკებ,
სიცოცხლე იმ დიდი ვნებისაც დამთავრდა,
თავის დაკარგვამდე ბგერა ზრდის იოგებს.

ვყოვნდები. რამდენი დამრჩა უსათუოდ
სათქმელი. და მაინც წასვლა ვამჯობინე…
ბორგავს დედამიწა – საბრალო სასტუმრო
ცოდვების. ბოლოჯერ ვაცილებ ჯებირებს

სულს. თან მსდევს სახეზე ორმაგი პროფილი,
უკან კი ქუჩაა დამყოლი ქალივით
ფეხქვეშგაგებული. სიგიჟე ყოფილა
ეძებო, იმის რომ გიყვარდა, ალიბი.

ნაკლი გაქვს შენც, ალბათ, ოდენა იოტის,
მე თვალებს ლოდინის დოზებით ვაოსებ,
თან ვხატავ სტრიქონებს მოდურს და პოეტურს,
აქ ყველა პაუზას შორის ქაოსია.

მოღოღავს ტრამვაი, მართკუთხა სიკვდილი,
ქალაქის არც ისე ქარიან ამინდში,
და ახლა საშინლად მჭირდება სიმშვიდე,
პირიქით,- აღარ მსურს სიმშვიდე, გამიშვი.

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა…
ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით,
მომყვება ლექსებში ნებითად საგრადა,
იქნება ეს წასვლა ყველაზე ნამდვილი.
4.

ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ,
გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ,
და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.

მზე ფერიცვალების სამოსს ჰგავს საკრალურს,
მის ქვეშ მოღრუბლისფრო ღმუიან ბელტები,
ოჯახის სიწმინდეს ღაღადებს შაგრადა,
მე ასე უშნოდ და უნდილად ვბერდები.

რთულია გარდაცვლა. და მაინდამაინც
ვერავინ შემატყობს სახეზე ქარიშხლებს,
ვიპოვე სიკვდილის შიშების წამალი,
იმ დღიდან, როდესაც გიხილე… კაეშნით,

ნატერფალს გავყვები შიშველი გაუდის,
არაცნობიერი ღვივდება ლანდები,
გულის ყველა კედელს ზანზარი გაუდის,
ქალაქის კარიბჭის კიდესთან ვთავდები.

ცა მელნად იღვრება ქაღალდის ტილოზე,
სიშორის სიძველის სუნი აქვთ შენობებს,
რა რჩება მეტი სხვა… ტაძარი, ილოცე,
ითხოვე შეშლილი სულისთვის შენდობა.

ლექსს ახლავს ნახატი განცდების მისტიკა,
ცოდვებს არ ითვლიან… ღმერთმა მაპატიოს.
ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ვტოვებ და მივდივარ შენგანაც… ადიოს.
5.

რა ჩიქორთული გზით ვიარე აქამდე,
ფინალი ხომ ბევრად რთულია ყოველთვის,
აღარ ვთვლი კედლებზე მოფანტულ ნაქარგებს,
რომლებსაც მომავლის საბაბად ვტოვებდი.

ქარია. შენ ალბათ დუმილსაც იზუთხავ,
ითვისებ ვერთქმული ბგერების მანერებს,
და სულში ისეა გამჯდარი ცის სუნთქვა,
ცხადად გრძნობ, თუ როგორ გეწვება ნერვები.

ყველა უიმედო ნატვრა თან ტრავმაა,
იქნებ, ამაშია მთავარი მაგია,
სიკვდილის სუნი აქვს რელსებზე ტრამვაის,
სიმშვიდისმომგვრელი წამების მაგივრად.

სხეულიც ქაოტურ ნაბიჯით დავძარი,
მე მქვია მხატვარი, ოღონდ თვითმარქვია,
დგას თაღებაწვდილი ვეება ტაძარი-
განსხეულებული გრძნობების არქივი.

გათავდა საშენო სიტყვების მარაგი,
მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს,
სავსეა გარემო, ახლოა არავინ,
მიუღწევადია თავს ზემოთ აფრენა.

სახლობს მყუდროება ლოდინის დასასრულს,
ლამპიონები კი, აქა-იქ მეწამულ
ფერებით ნუსხავენ შუქ-ჩრდილებს ფატალურს…
გაუდის ნახატი ქუჩებით მე წავალ.

/თეა თაბაგარი/

ფლამენკო

1535613_572357812849279_1065991417_ng

თუ გინდა ჩემი სიყვარული,
ჩამომეცალე.
თხემით-ტერფამდე, სულით-ხორცამდე
მე ტკივილი ვარ.
თუ გსურს სიამით აივსო სული,
დახუჭე თვალი,
არ შემომხედო, არ განმიცადო,
მე ტკივილი ვარ.
თუ გსურს სიცოცხლე, გაექეცი
ჩემს ამოსუნთქვას,
სისხლის, სიკვდილის მოციქული
მე ტკივილი ვარ.
თუ გსურს სინათლე, ნუ დამეძებ,
არავის უთქვამს?
რომ უკუნეთით მოკირწყლული
მე ტკივილი ვარ.
სიამოვნებას ვერ მოგაგებს
ეს სილამაზე,
გრძნობააშლილი მთელი სხეულით
მე ტკივილი ვარ.
სიმშვიდე გინდა? დაემალე
ჩემს გახსნილ ბაგეს
სულის ფსკერიდან ამონთხეული
მე ტკივილი ვარ.
. . . . . . .
მე ტკივილი ვარ,
შენს საბედოდ არ დავიბადე…

/ნინო ჭინჭარ-აული/